Travel to Georgia » ქართული ღვინო და სამზარეულო

ქართული ღვინო და სამზარეულო

საქართველო უძველესი ისტორიის ქვეყანაა. იგი ოდითგანვე წარმოადგენდა კავკასიის კულტურულ ცენტრს. საქართველო მდიდარია როგორც ხუროთმოძღვრების და კულტურის, ასევე ბუნებისა და საყოფაცხოვრებო ძეგლებით.

ქართული ღვინო და მევენახეობა დაახლოებით 7000 წლის წინ წარმოიშვა. ამას ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე, ანაკლიასთან ახლოს აღმოჩენილი ყურძნის წიპწები და ასევე საქართველოს სხვადასხვა მხარეში აღმოჩენილი ღვინის ჭურჭელი: ქვევრები, ფიალები და კერამიკული ჭურჭელი. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ვაზმა და ღვინომ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მოიპოვა ქართველებისთვის. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი ვაზის ჯვრის კულტი. რამოდენიმე წლის წინ მცხეთასთან ახლოს აღმოჩნდა თამადის სკულპტურა, რომელსაც ხელში ეჭირა ყანწი. სკულპტურა თარიღდება ქრ. შ-მდე პირველი ათასწლეულით და მისი ასლი დაიდგა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში.

პირველი ცნობები ქართული ღვინოს შესახებ გვხვდება ბერძნულ, სპარსულ და ქართულ წყაროებში. ბერძენი მოგზაური და ისტორიკოსი ქსენოფონტე (ქრ. შ-მდე მე-5 ს.) კოლხების ღვინოს უწოდებს „სურნელოვანს და საამოს“, ხოლო შაჰ-აბასს (ირანის შაჰი მე-17) ქართული ღვინო კახეთიდან ხარკის სახით გაქონდა და ამ ღვინოს შაჰის კარზე უწოდებდნენ „ედემის სითხეს“.

ვაზი ქართველისთვის ერთ-ერთი სალოცავია. საქართველოში სამშობლო, ენა, ქრისტიანობა, ვაზი და ღვინო ერთიანი და განუყოფელი მცნებაა. დიდი მარნები არსებობდა ეკლესიებთან, მაგალითად, ნეკრესში, ალავერდში, გელათში, ფიტარეთში, სადაც იწარმოებოდა დიდი რაოდენობის ღვინო. საქართველოს არაერთი მტერი ცდილობდა გაეტეხა ქართველთა შემართება და პირველ რიგში იერიში მიჰქონდა ქრისტიანობაზე და მევენახეობაზე. ცნობილი ფაქტია, რომ მონღოლმა დამპყრობელმა თემურ-ლენგმა კახეთში მთლიანად აჩეხა ვენახი. თუმცა ქართველებმა კვლავ შეძლეს აეღორძინებიათ ვაზის კულტურა და დღემდე შემოუნახეს შთამომავლობას ეს დიდი განძი.

ეხლაც დიდია საქართველოში ვაზის კულტურისადმი პატივისცემა. თითქმის ყოველწლიურად ტარდება „ღვინის ფესტივალები“, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ღვინოა წარმოდგენილი. დღესაც ტრადიციული მეთოდით ხდება ღვინის დაყენება. ღვინის დაყენების კულტურით გამოირჩევა კახეთი, თუმცა სხვა რაიონებშიც მრავლადაა წარმოდგენილი ღვინო.

საქართველოში ღვინის სმის კულტურა დაკავშირებულია ქართულ ნადიმთან. საქართველო უძველესია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ღვინო და სამზარეულო მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

ქართული სამზარეულო გამოირჩევა განსაკუთრებული სპეციფიკით. ყოველ კუთხეში აღმოაჩენთ განსაკუთრებულ კერძს, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ამ ერთი მხარისთვის და შემდეგ ხდება მისი ინტერპრეტაცია. ქართული კერძებიდან აღსანიშნავია ხაჭაპური, საცივი, ჩაქაფული, მწვადი, ხინკალი, ელარჯი, ღომი და კიდევ მრავალი, რომლის გემოც დაუვიწყარი და შეუდარებელია.

როგორც ძველი შუმერები ამბობდნენ: „სიცოცხლე საკვებია, საკვები სიცოცხლე, იმიტომ, რომ საკვების გაზიარება სიცოცხლის გაზიარებას ნიშნავს“. ამ დოქტრინას დავუმატებდი ქართულ ღვინოს, რადგან ქართული სული, ქართული ღვინო და სამზარეულო განუყოფელი და განსაკუთრებულია ყოველი ქართველისთვის.