Travel to Georgia » საქართველოს გეოგრაფია

საქართველოს გეოგრაფია

საქართველოს მოსახერხებელი მდებარეობის და ხელსაყრელი ბუნებრივი რესურსების გამო, აქ პირველი ევროპელი დასახლდა.

 

საქართველო  ევროპისა და აზის საზღვარზე, კავკასიაში მდებარეობს. კავკასიის ტერიტორია შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს.  კავკასიონის ქედი მას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად  ყოფს, საქართველო კი სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს. საქართველოს ტერიტორიის ფართობი დროთა განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა. ამჟამად, ფართობი 69.7 ათასი კმ2-ია. ქვეყნის სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1660 კმ-ია, შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიგრძე კი 310 კმ-ს შეადგენს. საქართველოს  სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – აზერბაიჯანი, სამხრეთიდან – სომხეთი და თურქეთი; დასავლეთიდან – შავი ზღვა, ჩრდილოეთიდან კი  რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება. ზღვისპირა მდებარეობა  საქართველოს მსოფლიო ოკეანესთან და, შესაბამისად, მსოფლიოს ყველა კონტინენტთან კავშირის საშუალებას აძლევს.

საქართველოს ტერიტორიაზე მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო გადიოდა უძველესი სატრანსპორტო მაგისტრალი – აბრეშუმის გზა.

ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალფეროვანი ჰავა გვხვდება, დასავლეთით -ნოტიო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – შედარებით მშრალი ჰავაა. საქართველოს

მთიან რაიონებში თოვლის საფარი რამდენიმე თვე გრძელდება, ზაფხული კი  გრილი და მოკლეა. საქართველოს ბარში ზამთარი ზომიერია, ყველაზე თბილი ზამთარი შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იცის, თოვლი იშვიათად მოდის

და მალე დნება. ზაფხული ზომიერად ცხელია. საქართველოში ყველაზე მეტი

ნალექი აჭარაში მოდის, ხოლო კახეთში, ივრის ზეგნიდან სამხრეთით, ყველაზე მშრალი ჰავაა.

საქართველო მდიდარია თავისი ბუნებრივი რესურსებით, მდინარეები  ქვეყნის ენერგეტიკის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს, მათი მეშვეობით საქართველოს სრულად შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. საქართველოში  გვხვდება ორიათასამდე დასახელების სხვადასხვა მინერალური წყალი, რომელთა დიდი უმეტესობა საბოლოოდ არ არის შესწავლილი.

საქართველო მდიდარია ხე-ტყის რესურსებითაც, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც სამრეწველო, ასევე საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.

საქართველოში ასევე მრავლად გვხვდება დაცული ტერიტორიები, რომელიც საუკეთესო საშუალებაა ფლორისა და ფაუნის შესანარჩუნებლად.

ქვეყანა მდიდარია როგორც საზღვაო, ასევე მთის კურორტებით, რაც დამსვენებელს აძლევს საშუალებას დაისვენოს ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე.